სეზონური დასაქმება

გერმანიაში დასაქმებულმა ქართველებმა დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს – პროფკავშირები

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს, ხოლო ახლა დავა ქართულ სასამართლოში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგ გრძელდება მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით.

პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, უახლოეს მომავალში დაინიშნება პროცესი, რომელზეც დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის, გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან დაკავშირებული ორგანიზაციის, MIRA-ს წარმომადგენელიც, რომელმაც დასაქმების ადგილი თავად შეამოწმა და არაერთი დარღვევაც დაადგინა. 

"გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება საქართველოს და გერმანიას შორის სამთავრობო დონეზე დადებული საშუამავლო ხელშეკრულებით რეგულირებული შრომითი ურთიერთობა იყო. თუმცა, გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებს გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არცერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ მუშები საათში 9.35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია.  საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, იგი ნამუშევარს 3 მოკრეფილი მარწყვის ყუთის პროპორციულად ანგარიშობდა". – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

გაერთიანების თანახმად, დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, დამსაქმებელი კი არ ამყოფებდა მათ იძულებითი მოცდენის პირობებში, არამედ, თავად დასაქმებულები არ ასრულებდნენ სამუშაოს. მათივე ცნობით, დამსაქმებელმა ვერცერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა.

სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის 1 018 ევროს ოდენობით, ხოლო 1 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის – 909 ევროს ოდენობით.

გერმანიაში სამუშაოდ წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლო დავა 2021 აგვისტოში დაიწყეს. მოქალაქეების თქმით, მათ გერმანიაში მუშაობა მძიმე პირობებში უწევდათ და არსებული გარემოებების შესახებ სახელმწიფომ მათ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა. ისინი დასაქმების სააგენტოსგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. 

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლოთ. სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მუშაობა კვირაში 5-6 დღე მოუწევდათ, დღეში 8-10 საათი, მინიმალური ხელფასი კი საათში 9.5 ევროა. 2021 წლის ივნისში საქართველოში გერმანიის საელჩომ წუხილი გამოთქვა გამოვლენილი დარღვევების გამო და აღნიშნა, რომ შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სააგენტო 2020 წელს 243 437 025 ლარით, ხოლო 2021 წელს 154 073 000 ლარით დაფინანსდა ბიუჯეტიდან. ორგანიზაციის ცნობით, გერმანიაში მძიმე შრომით პირობებში მომუშავე მოქალაქეთა დაცვა სწორედ სააგენტოს ევალებოდა, მან კი დროულად ვერ შეასრულა ეს მოვალეობა.

კომენტარები