სეზონური დასაქმება

გერმანიაში დასაქმება საქართველოს მოქალაქეებს აპრილიდან შეეძლებათ

REUTERS

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურად დასაქმებას აპრილის პირველი ნახევრიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა ისაუბრა.

"საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში წასვლის პროცესი დაიწყება გერმანიაში სეზონის დაწყებისთანავე. ესაა დაახლოებით აპრილის პირველი ნახევარი. გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები უკვე შემოსულია და შერჩევის პროცესი რეგისტრირებულთა ბაზიდან დაწყებულია. ისევე როგორც წელს, ასევე მომავალ წლებში, მთელი სეზონის განმავლობაში იქნება გერმანიაში დასაქმება შესაძლებელი.

15 თებერვლიდან დაიწყო რეგისტრაციის პროცესი და აღარ შეჩერდება. როგორც რეგისტრაცია, ასევე ვაკანსიების მიღება მუდმივად იქნება. ერთი ადამიანი რომ წავა გერმანიაში, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში იმუშავებს კონკრეტულ დამსაქმებელთან. თუმცა, ამ 3 თვის განმავლობაში არ ვჩერდებით, 3 თვის გასვლას არ ველოდებით, რომ მეორე და შემდეგი ნაკადები გავუშვათ". – ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი.

სეზონურ დასაქმებაზე შეთანხმება ამ დროისთვის მხოლოდ გერმანიასთან არის მიღწეული. 95 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა. გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ, უნდა იყვნენ 18-დან 60 წლამდე და ჰქონდეთ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

კომენტარები