2019 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სააგენტო 2020 წელს 243 437 025 ლარით, ხოლო 2021 წელს 154 073 000 ლარით დაფინანსდა ბიუჯეტიდან.
"გერმანიაში მძიმე შრომით პირობებში მომუშავე მოქალაქეთა დაცვა სწორედ სააგენტოს ევალებოდა, მან კი დროულად ვერ შეასრულა ეს მოვალეობა". – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.
სააგენტო საქმიანობის განხორციელებას 2020 წლიდან შეუდგა. ბრძანების თანახმად სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების სია საკმაოდ გრძელია და მათ შორის არის შრომის ბაზრის მომსახურებების გაწევა, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, განხორციელება და ანალიზი, სამუშაოს მაძიებლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ღონისძიებათა ორგანიზება, დასაქმების ფორუმების ორგანიზება.
"მიმდინარე მონაცემებით სააგენტოში 34 შტატიანი და 54 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. 2020 წელს დასაქმებულ პირთა შრომის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 81 000 ლარი გაიცემოდა, ხოლო 2021 წელს კი 72 400 ლარი. მათ შორის სააგენტოს დირექტორის, ნინო ველთაურის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 5 400 ლარს შეადგენს". – აცხადებენ ფლანგვის დეტექტორში.
მათივე ცნობით, დასაქმების სააგენტომ 2020-2021 წლებში თანხები ძირითადად ორი პროგრამის მიმართულებით დახარჯა. 2020-2021 წლებში "დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამაში", რომლის მიზანიც ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელებაა, 1 470 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო "სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში", რომლის მიზანიც ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობაა, 4 180 000 ლარი. სააგენტოს მიერ ფლანგვის დეტექტორისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020-2021 წლებში სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად 1038 პირი დასაქმდა.