რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ლისიჩანსკის აღება ოკუპანტებს ლუგანსკზე კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს

რუსი ოკუპანტი ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის ოლქი.
Alexander Ermochenko/Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ლისიჩანსკის აღება ლუგანსკის ოლქის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის გავრცელების საშუალებას აძლევს, რაც ომის მთავარ მიზანს- დონბასის "გათავისუფლებას" უკავშირდება.

"ომის წინა ფაზებისგან განსხვავებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინის მეთაურობით, მიაღწია საკმაოდ ეფექტურ კოორდინაციას ძალების სულ მცირე ორ დაჯგუფებას შორის, ცენტრალურ ჯგუფსა და სამხრეთ დაჯგუფებას შორის.

არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინული ძალები ახლა უფრო ადვილად დასაცავ ტერიტორიაზე გადავიდნენ". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები