რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ოკუპანტები ლისიჩანსკის გარშემო მცირე წინსვლის მიღწევას განაგრძობენ

REUTERS/Gleb Garanich

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები ლისიჩანსკის გარშემო, საჰაერო და საარტილერიო დარტყმების მეშვეობით მცირე წინსვლის მიღწევას განაგრძობენ. ამასთან ერთდ, უკრაინის ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, ლისიჩანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში ოკუპანტების ქმედებების შეზღუდვას ცდილობენ.

"რუსეთის სამხედრო ძალები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებას განაგრძობენ, სავარაუდოდ, უფრო ზუსტი თანამედროვე იარაღის მარაგების შემცირების გამო.
CCTV-ს კადრების ანალიზი აჩვენებს, რომ რაკეტა, რომელმაც კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე 2022 წლის 27 ივნისს დაარტყა, დიდი ალბათობით Kh-32 იყო. ეს არის საბჭოთა ეპოქის Kh-22 KITCHEN-ის განახლებული ვერსია

შემდგომი დარტყმები 2022 წლის 30 ივნისს ოდესის ოლქში სავარაუდოდ მოიცავდა Kh-22 KITCHEN რაკეტებს. ეს იარაღი ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა და ბოლო კვირების განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები