მარიანა ჩოლოიანი

ხოშტარია: ჩოლოიანი ხო გახსოვთ? ახლა RMG GOLD-შია დასაქმებული, საყდრისი რომ ააფეთქა

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ლუკა სირაძის საქმეში არასრულწლოვანისგან ჩვენების იძულებით მიღებაში ბრალდებული ყოფილი გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, ახლა კომპანია RMG Gold-შია დასაქმებული.

"ჩოლოიანი ხო გახსოვთ? ლუკა სირაძე რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს პოლიციაში, მერე ხელი რომ დააფარეს ბევრს, ეს რომ სულ ცოტა ხნით ჩასვეს, ადრე გამოუშვეს. ხოდა ეხლა რმჯ გოლდშია დასაქმებული, აი იმაში საყდრისი რომ ააფეთქა.

მოძალადეების მთავრობა უნდა წავიდეს!". - წერს ელენე ხოშტარია.

5 აგვისტოს ლუკა სირაძის საქმეში არასრულწლოვანისგან ჩვენების იძულებით მიღებაში ბრალდებული ყოფილი გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, ჩოლოიანი აკმაყოფილებდა გათავისუფლების ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქცევა, შინაგანაწესის დაურღვევლობა და სხვა. 

7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე ყოფილი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დამნაშავედ ცნო და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება მას არასრულწლოვანისგან ჩვენების იძულებით მიღებას ედავებოდა. ჩოლოიანისთვის წარდგენილი ბრალი, სსკ-ის 335-ე მუხლის პირველი ნაწილი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კომპანია RMG Gold-ი საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოებასთან არის კავშირში. 2014 წლის 13 დეკემბერს კომპანიამ მაღაროზე ორი უკანონო აფეთქება განახორციელა. აფეთქების შემდეგ არქეოლოგიური ობიექტის განადგურება დაიწყო. 

კულტურის სამინისტრომ 11 ადამიანისგან შემდგარი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2013 წლის 9 ოქტომბერს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსიც მოეხსნა.

კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის ბრძანებით კი, RMG Gold-მა სამთო სამუშაოების შესრულების ნებართვა მიიღო. აღნიშნული ნებართვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით კულტურის სამინისტროს 13 მარტის ბრძანება გაუქმდა, შესაბამისად კომპანიას მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება შეუჩერდა.   

2015 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით, საყდრისი-ყაჩაღიანისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანიისთვის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების უფლების მიცემის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება არ შეაჩერეს.

2015 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საყდრისის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვით ადრე იმავე ორგანომ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს.

კომენტარები