რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბრიტანეთი: უკრაინამ სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავებით ოკუპანტების წინსვლა აღკვეთა

უკრაინელი მებრძოლები ლუგანსკში, 23 ივნისი
Anatolii Stepanov/AFP/Getty Images

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 30 ივნისს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის კუნძული ზმეინი დატოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ კუნძულზე არსებული დავალებები შეასრულეს და მას "კეთილი ნების გამოხატვის მიზნით" ტოვებენ. 

"უკრაინის სამხედრო ძალებმა სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების მეშვეობით ოკუპანტების წინსვლა აღკვეთეს. რუსეთის სამხედრო ძალებმა, დიდი ალბათობით, ზმეინის კუნძული უკრაინის ქვედანაყოფების მხრიდან თავდასხმების გამო დატოვეს და არა როგორც "კეთილი ნების ჟესტი", როგორც ამტკიცებენ.

რუსეთის სახმელეთო ჯარების მტკიცებით, ლისჩანსკის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელი პრივილა დაიკავეს. ამასთან ერთად, ლისჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გარშემო ინტენსიური ბრძოლები, სავარაუდოდ, გრძელდება". - წერია ანგარიშში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები