შინ ევროპისკენ

ომბუდსმენი: შინ ევროპისკენ წევრებზე თავდასხმები და ხელის შეშლა, დამაშინებელ გარემოს ქმნის

საქართველოს სახალხო დამცველი მოძრაობა შინ ევროპისკენ მიერ წარმოებულ კამპანიაში მონაწილეების მიმართ მომხდარ თავდასხმებს ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კამპანიაში მონაწილე პირებზე თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები დამაშინებელ გარემოს ქმნის და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. 

სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მობილიზაციისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. 

"საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია, რომ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულის კი შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე და ემსახურებოდეს აგრესიისა და ძალადობის წაქეზებას.

ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა შინ ევროპისკენ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები. ხოლო, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს სტუდენტთა უსაფრთხოება დაწესებულების ტერიტორიაზე მესამე პირთა დაშვების კონტროლისა და ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების გზით".- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღეს, 30 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სტუდენტები ამბობენ, რომ სამოქალაქო მოძრაობის შინ ევროპისკენ ბროშურებს არიგებდნენ და 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საინფორმაციო შეხვედრები ჰქონდათ, რა დროსაც მათ თავს ქართული ოცნების პარტიული აქტივისტები დაესხნენ. 

კომენტარები