რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პუტინი კრემენჩუკის დაბომბვაზე: ჩვენი არმია სამოქალაქო ობიექტებს არ ბომბავს

თურქმენეთში ვიზიტის დროს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის არმია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ ანადგურებს, ამიტომ პასუხისმგებლობას არ იღებს. 

"ჩვენი ჯარი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ ბომბავს. ჩვენ ამის საჭიროება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ აღმოვაჩინოთ კონკრეტული ადგილები. მაღალი სიზუსტის მქონე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის წყალობით ჩვენს მიზნებს ვაღწევს". - თქვა პუტინმა.

აშხაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ კრემენჩუკის შემთხვევაშიც "დარწმუნებულია, რომ ასე იქნებოდა."

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთის მხრიდან კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 58 - დაშავდა. 

პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ლუნინის ცნობით, სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში კიდევ 36 ადამიანს ეძებენ. 25 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი 27 ივნისს დაბომბეს - შენობაში 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. 

კომენტარები