რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი პუტინის ჯანმრთელობაზე: რუსებს უფრო საშიში სენი სჭირთ

ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმორ პუტინის ავადმყოფობაზე ხმები არ აინტერესებს, რადგან მისი თქმით, ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის სენი, რომლითაც მთლიანად რუსეთი და რუსები არიან შეპყრობილი.

"მათ გადაჭარბებული ამბიციები აქვთ, არ სცემენ პატივს საერთაშორისო სამართალს და არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე.

გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი რა ხდება ვლადიმირ პუტინის თავს. მიმაჩნია, რომ მათ [რუსებს], მართლაც უდიდესი სენი სჭირთ და მეჩვენება, რომ ეს ავადმყოფობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ის, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. ეს არის კონკრეტულად ჩვენი ხალხისადმი უპატივცემულობის სენი, დაპყრობის სენი, საზარელი დანაშაულების ჩადენის სენი, რომლებიც მათ ჩვენს მიწაზე ჩაიდინეს. მეჩვენება, რომ ეს ძალიან რთული მომენტია და ეს მხოლოდ ერთი ადამიანის დაავადება არ არის". - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC-თან საუბრის დროს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები