რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთის უმაღლეს სარდლობაში დიდი ძვრებია, გაათავისუფლეს გენერალი დვორნიკოვი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის ტერიტორიაზე მოქმედების შეცვლას ცდილობენ, რადგან ოკუპანტები სამხრეთ ღერძზე მცირე ტერიტორიული წინსვლის მიღწევას განაგრძობენ.

"ივნისის შემდგომ რუსეთის უმაღლესმა სარდლობამ, დიდი ალბათობით, რამდენიმე გენერალი გაათავისუფლა. მათ შორისაა საჰაერო სადესანტო ძალების (VDV) მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი; და სამხრეთის ძალების ჯგუფის (SGF) მეთაური არმიის გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი. დვორნიკოვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სავარაუდოდ, მოქმედებდა როგორც ოპერაციის მეთაური". - წერია ანგარიშში.

რუსეთმა სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელად ალექსანდრ დვორნიკოვი აპრილის დასაწყისში დანიშნა. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები