საქართველო-უკრაინა

კასიანოვი ღარიბაშვილს: სტატუსი არ ყოფილა ავანსი, დღეს უკრაინელები ყოველდღე იცავენ ევროპას

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. კასიანოვის განმარტებით, ეს არ ყოფილა "ავანსი უკრაინისთვის", მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებისთვის 30 წელი იბრძოდა ქვეყანა. 

"ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებისთვის უკრაინა 30 წელი იბრძოდა. ამისთვის გამოვიდა უკრაინელი ხალხი ევრომაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე. თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის უფლებისთვის. 120 დღეზე მეტია უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას, უკრაინელები ახლა ყოველდღე იცავენ ევროპასა და დემოკრატიას, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის". - აღნიშნა კასიანოვმა. 

მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსისთვის უკრაინასა და მოლდოვასაც, საქართველოს მსგავსად, პირობები განესაზღვრათ. თუმცა, პრემიერმინისტრის თქმით, ომის გამო, უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატობა ავანსად, წამახალისებელ საჩუქრად მიიღეს.

23 ივნისს უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველომ - ევროპული პერსპექტივა

კომენტარები