ევროკავშირი-საქართველო

ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს: შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ საბჭოს მიმართა. მისი თქმით, საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის მიერ მინიჭებული შანსი და მომავალ 6 თვეში ქვეყანაში საჭირო რეფორმები გატარდეს.

"ამავდროულად, მე მესმის, საქართველოს მოსახლეობას ესმის, და ვფიქრობ ჩვენ ყველამ, მათ შორის მთავრობამ, უნდა გავიგოთ, რომ შანსი რომელიც მოგვეცა ასევე გამოწვევაა. გამოწვევაა იმ მხრივ, რომ შევძლოთ მომავალ ექვს თვეში სერიოზულად მივუდგეთ იმ რეფორმების გზას, რაც აქამდე გვქონდა, თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთი ნაბიჯი დროულად არ გადაიდგა, ზოგიერთი ნელა გადაიდგა. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. ამ წლის ბოლომდე გვაქვს დრო, ეს პირობა გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუ შევასრულებთ იმას, რასაც ჩვენგან ელიან". – თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, ის აპირებს ამ პროცესში ზედამხედველის როლის შესრულბას და მას სურს სჯეროდეს, რომ ხელისუფლება მომდევნო თვეებში გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს.

"ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობამ ორი დღის წინ (ქუჩაში) აჩვენა, რომ მზადაა. მე, პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო იმისა, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, შეგიძლიათ ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ და მსურს მჯეროდეს, რომ შეგვიძლია მთავრობის იმედი გვქონდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შვილების წინაშე, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოწვევას ძალიან სერიოზულად მივუდგებით და ამაზე ვიმუშავებთ". – თქვა ზურაბიშვილმა.

23 ივნისს ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. 

კომენტარები