ევროკავშირი-საქართველო

ქართველი დიპლომატები: მთავრობამ არ მისცა საშუალება დიპლომატებს, საუკეთესო შედეგი მიეღოთ

ქართველი დიპლომატები განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. 

განცხადების მიხედვით, ამ პროცესში ხელისუფლებამ ასევე გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება ქართველ დიპლომატებს, მათი უმთავრესი ამოცანა შეესრულებინათ.


"სამწუხაროდ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, გუშინ, 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ სრულად გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, მომავალში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ ასოცირებული ტრიოს განცაკლევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც ის, სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ქართული დიპლომატიის ამოსავალ წერტილსა და უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია. უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობითა და ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის ნაცვლად, ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ანტი-ევროპული და ანტი-დასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ასევე თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა ქართველ დიპლომატებს, შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა, უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით ვალდებულებების თანახმად მიიღოს ყველა ზომა, ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ყველა იმ ქართველ დიპლომატს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, შეუძლია შეუერთდეს ამ განცხადებას". – ნათქვამია განცხადებაში.

23 ივნისს ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. 

კომენტარები