საქართველო-ევროკავშირი

მიშელი: პოლიტიკური ნების შემთხვევაში, სტატუსი მხოლოდ გეოპოლიტიკაზე არაა დამოკიდებული

ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების არსებობა.

"პირველ რიგში, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ძალიან აშკარა და ცალსახა მესიჯია ევროკავშირისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაატაროთ ფუნდამენტური რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამართლის სისტემა. თქვენ ძალიან ახლოს ხართ ამასთან. თუ იქნება პოლიტიკური ნება საქართველოსგან, ეს არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული, ჩვენ მათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში დავეხმარებით. მე ვიცი, რა არის ამისთვის საჭირო, რა აკლიათ, ხოლო ეს [ევროპული პერსპექტივის მინიჭება] არის იმის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ და გვსურს, რომ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, გვსურს, რომ მათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება შეძლონ". - ასე პასუხობს შარლ მიშელი კითხვაზე, თუ რა არის ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს მიმართ.

ევროპულმა ალიანსმა 17 ივნისს მიღებული ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - პერსპექტივა.

კომენტარები