რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტებმა სევეროდონეცკთან ორი დასახლებული პუნქტი აიღეს

რუსი ოკუპანტები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან, 2022 წლის 20 მაისი
AP News

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკთან ორი დასახლებული პუნქტი, ლოსკუტოვკა და რაი-ალექსანდროვკა აიღეს.

გენშტაბის მიხედვით, ოკუპანტები სევეროდონეცკის სრულად დასაკავებლად და მდინარე სევერსკი დონეცის გადაკვეთისთვის ემზადებიან. აღნიშნული მდინარე ქალაქებს, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის მდებარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარების, ლისიჩანსკის რაიონში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევისა და ძირითადი ლოგისტიკური გზების დაბლოკვისკენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პაპარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები