რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ოკუპანტები ლისიჩანსკის სამხრეთით, დიდი ალბათობით, დაწინაურდნენ

REUTERS/Gleb Garanich

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 19 ივნისის შემდგომ რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასის ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთით, დიდი ალბათობით, მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს და 5 კილომეტრით წინ წავიდნენ.

"უკრაინის ქვედანაყოფების ნაწილმა აღნიშნული ტერიტორიიდან უკან დაიხია, რათა ალყაში მოქცევა აეცილებინა თავიდან. ოკუპანტების წინსვლა ტერიტორიაზე ქვედანაყოფების გაძლიერებას უკავშირდება.

რუსეთის სამხედრო ძალები ლისიჩანსკ-სევეროდონეცკის მონაკვეთს ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ. ამასთან ერთად, ოკუპანტების მხრიდან დონეცკის დასავლეთით ტერიტორიული წინსვლის მიღწევის მცდელობები დროებით შეჩერებულია". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები