მოსმენების შესახებ კანონი

თალაკვაძე: პრეზიდენტის ვეტო გაუგებარია, მოსმენების კანონს კვლავ მხარს დავუჭერთ

პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება დაძლევს ვეტოს, რომელიც პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების შესახებ კანონზე გამოიყენა. მისთვის გაუგებარია, რატომ დაადო სალომე ზურაბიშვილმა ვეტო კანონს, რომელიც "პირდაპირ პასუხობს უსაფრთხოების თვალსაზრისით" არსებულ გამოწვევებს. 

"ეს კანონპროექტი 2-3 წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იყო საკმარისი არგუმენტი წარდგენილი და გაზიარებულიც, რომ ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს საქართველოს წინაშე. შესაბამისად, გაუგებარია, რა თქმა უნდა, თუ რატომ გამოიყენა ვეტო.

ვეტოს შემდეგ საკითხი უბრუნდება პარლამენტს, ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში, რადგან არსებობს სათანადო არგუმენტაცია ამ ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას" - თქვა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა 22 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადო. 

"დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას, ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება ყოველივე კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს და ავხსნი, რატომ ვადებ ვეტოს. ეს არის პოლიტიკური ვეტო უფრო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება, რომ ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით, გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, ვიყოთ უფრო ევროპელი". - ამბობს ზურაბიშვილი. 

7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. მიღებული კანონპროექტით გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. 

ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. 

კომენტარები