რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მისი მარცხის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი

Yasin Akgul/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ერთ-ერთ მოლდოვურ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ მისი დამარცხების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

"დღევანდელ პირობებში სამშვიდობო ხელშეკრულება უპერსპექტივო და შეუძლებელია. ომის შეჩერება დღეს ნიშნავს სრულ უარს ჩვენი ხალხის უკრაინაში დაბრუნებაზე. არავინ დაბრუნდება, მაგალითად, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, კრივოი როგში, გამყოფი ხაზთან ახლოს მდებარე ქალაქებში, რადგან უკრაინის მოქალაქეს ესმის, რომ ომი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს იგივე ინტენსივობით. ამ შემთხვევაში რუსეთს ვერავინ შეაკავებს. სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რუსეთი გარდაუვალ მარცხს განიცდის". - თქვა პოდოლიაკმა.

გარდა ამისა, პოდოლიაკის თქმით, უკრაინა მოლაპარაკებებზე მხოლოდ გაძლიერებული პოზიციებით წავა, თუმცა ეს არ იქნება ულტიმატუმების ენა.

"მოლაპარაკების პროცესი პოზიციების შეჯახებაა. თუ შეგნებულად სუსტ მდგომარეობაში ხარ, მაშინ მოლაპარაკების პროცესში შეხვალ ანალოგიური პოზიციით და მიიღებ მხოლოდ ულტიმატუმს. ჩვენი პოზიციების გაძლიერება შესაძლებელია, თუ მივიღებთ შესაბამისი რაოდენობის იარაღს აღმოსავლეთ ფრონტზე და მივაყენებთ ტაქტიკურ მარცხს რუსეთს. ამ შემთხვევაში მოლაპარაკების პროცესი სხვაგვარი იქნება: ეს არ იქნება ულტიმატუმი, ან კონფლიქტური, თუმცა იქნება უკრაინის დომინანტური პოზიციით". - თქვა პოდოლიაკმა.

კომენტარები