რუსეთი

პუტინი: წლის ბოლოსთვის სარმატის რაკეტების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა იგეგმება

სარმატის ტიპის რაკეტის პირველი გამოცდა, 2022 წლის 20 აპრილი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმითსარმატის ტიპის კონტინენტთაშორის რაკეტებს საბრძოლო მზადყოფნაში წლის ბოლომდე მოიყვანენ. 

"ჩატარებულია მძიმე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა სარმატის წარმატებული გამოცდა. იგეგმება, რომ უკვე წლის ბოლოსთვის, პირველი ასეთი კომპლექსი საბრძოლო მზადყოფნაში იყოს". – თქვა პუტინმა. 

სარმატის პირველი გამოცდა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2022 წლის 20 აპრილს ჩაატარეს, რაც წარმატებით დასრულდა. 

20 აპრილს, წარმატებული გამოცდის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი ამტკიცებდა, რომ ამ იარაღის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და ის "აიძულებს დაფიქრებას მათ, ვინც გაშმაგებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს" რუსეთისთვის დამუქრებას. ამას გარდა, პუტინი ამბობდა, რომ დააჩქარებდნენ ამ სისტემებით რუსეთის სარაკეტო ძალების შეიარაღების პროცესს.

რუსეთი სარმატის ტიპის რაკეტების ციმბირში განთავსებას ამ წლის შემოდგომაზე აპირებდა.

სარმატი ბირთვული შესაძლებლობის მქონე კონტინენტთაშორისი რაკეტაა, რომლის მეშვეობითაც ათასობით კილომეტრით დაშორებულ ობიექტებზე იერიშია შესაძლებელი.

კომენტარები