რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მურადოვი: ყირიმმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებთან ინტეგრაციის პროექტები დაიწყო

Victor Korniyenko / Wikimedia Commons

ოკუპირებული ყირიმის მთავრობის, ვიცე-პრემიერის გეორგი მურადოვის თქმით, ყირიმმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებთან, რომლებიც ამჟამად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულია, ინტეგრაციის პროექტები დაიწყო. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

მისი თქმით, რეგიონებს შორის უკვე დამყარებულია მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, აღდგენილია საავტომობილო და სატვირთო ტრანსპორტი. 

"სატრანსპორტო მარშრუტების შექმნა გათავისუფლებულ ტერიტორიებს საკვებით, მედიკამენტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფს. ასევე, გააძლიერებს რეგიონთაშორის კავშირებს სხვადასხვა სფეროში". - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული. 

კომენტარები