საქსტატი

2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტი $160 მილიონით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის იანვარ-მაისის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთთან როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი გაზარდა. 

2022 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3% შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში რუსეთის წილი 10%-ია, რომელიც საქართველოს მთლიანი ექსპორტის $210.3 მილიონს შეადგენს. აღნიშნული მონაცემი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 66.1%-ია. აქაც, რუსეთი პირველ სამეულშია - რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის წილი 11.5%-ია.

იმპორტირებულ საქონელში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის იმპორტიც $461.2 მილიონია.

წინა წლის მონაცემთან შედარებით, გაზრდილია როგორც რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის მოცულობა, ასევე მისი რაოდენობაც. თუკი 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება $50 მილიონი, ხოლო მისი მოცულობა დაახლოებით 96 ათასი ტონა იყო, 2022 წლის იანვარ-მაისში $124 მილიონზე მეტი 138 ათას ტონა ნავთობზე დაიხარჯა. 

2022 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში $160 მილიონით გაზარდა.

საქართველომ რუსეთთან ექსპორტი 2021 წელთან შედარებით, თითქმის $8 მილიონით გაზარდა. რაც შეეხება საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულ საქონელს, ჩამონათვალი შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ფეროშენადნობები - $79 მილიონი, 2021-თან შედარებით 44%-იანი ზრდა.
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $46 მილიონი, 2021-თან შედარებით 1.4%-იანი კლება.
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $17 მილიონი, 2021-თან შედარებით 31%-იანი კლება.
  • სპირტიანი სასმელები - $10 მილიონი, 2021-თან შედარებით 24%-იანი კლება. 

კომენტარები