საფრანგეთი

ლე მერი: საპარლამენტო არჩევნების შედეგი დემოკრატიის შოკია, მაგრამ მართვას შევძლებთ

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მერის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის მართვას შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ალიანსმა პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

ბრუნო ლე მერმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს "დემოკრატიის შოკი" უწოდა და თქვა, რომ მთავრობა ქვეყნის მართვაში დასახმარებლად ყველა პროევროპელს მიმართავს.

"მე არ ვღელავ. თუმცა, თუკი არცერთი ბანაკი არ გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს, ეს ჩვენ რეფორმების გატარებისა და ფრანგების დაცვის შესაძლებლობას წაგვართმევს". - თქვა მან.

ლე მერმა, რომელიც ევროზონის ეკონომიკებში სიდიდით მეორე ქვეყნის ფინანსთა მინისტრია, აღიარა, რომ ფრანგი ამომრჩევლების დიდი ნაწილი თვლის, რომ მთავრობის ნაბიჯების შედეგები "საკმარისად სწრაფად არ მოდის", განსაკუთრებით მსყიდველობითუნარიანობასთან დაკავშირებით, რომელიც, გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველთა შეშფოთების მთავარი მიზეზია. 

ლე მერი აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა სურსათისა და ენერგიის მიწოდება შეაფერხა, რასაც ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ საწვავსა და ელექტროენერგიის ფასებზე ზედა ზღვარი დააწესა.

19 ივნისს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურა.

ბოლო მონაცემებით, ცენტრისტული ალიანსი პარლამენტში 234 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, ემანუელ მაკრონის პარტია სრული უმრავლესობის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს - ამისთვის მას 289 მანდატი სჭირდება.

მეორე ადგილს მემარცხენე-მწვანე ალიანსი, Nupes-ი 141 დეპუტატით დაიკავებს და ეროვნულ ასამბლეაში მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება.

მარინ ლე პენის პარტიამ ისტორიულ შედეგს მიაღწია და პარლამენტში 90 მანდატით წარმოდგება. 

ხოლო მემარჯვენე რესპუბლიკელების პარტიას პარლამენტში 75 დეპუტატი ეყოლება. ასევე, ვარაუდობენ, რომ რესპუბლიკელები მაკრონის პარტიასთან კოალიციით ალიანსს შექმნიან.

კომენტარები