ევროკავშირი-საქართველო

ჰარცელი ევროკომისიის რეკომენდაციაზე: თქვენი ბედი, საბოლოოდ, თქვენს ხელშია

კარლ ჰარცელი
Twitter/@CarlHartzellEU

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკომისიის მიერ უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის მინიჭების რეკომენდაციისა და საქართველოსთვის მხოლოდ ევროპული პერსპექტივის გაცემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საბოლოოდ ბურთი თითოეული ამ ქვეყნის მოედანზეა. 

ჰარცელის სიტყვებით, ევროპისკენ მიმავალი გზა საქართველოს მიერ იმ კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების გათვალისწინების მიხედვით განისაზღვრება, რომელიც ევროკავშირმა არაერთხელ გააჟღერა და მათში ახალი არაფერია. 

"როგორც ადრინდელი გაფართოების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ ბურთი თითოეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირის მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, განმცხადებლების უმეტესობას აღმავლობებისა და ჩავარდნების თავისი წილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს იყო სიტუაცია, როდესაც მათგან მხოლოდ 6-ს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ ფაქტს, თქვენი ბედი, საბოლოოდ თქვენს ხელშია". - აღნიშნა ელჩმა. 

 

კომენტარები