ევროკავშირი-საქართველო

ევროკომისია: გაიზარდა დაშინება, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა. შედეგად, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ევროკომისიამ საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, საქართველოს სტატუსის მისაღებად შესაბამისი წინაპირობების შესრულება დასჭირდება. 

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ დასკვნაში საუბარია საქართველოში არსებულ მედიის თავისუფლებაზე. დასკვნის მიხედვით, ბოლო პერიოდში გახშირდა ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები, ხოლო მედიის მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული საქმე ხელს უშლის მედიის მუშაობას. 

"მედიის გარემო ძირითადად პლურალისტურია, თუმცა დაშინება, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე გაიზარდა, განსაკუთრებით დემონსტრაციებისა და საარჩევნო აქციების კონტექსტში, ხოლო გამოძიება არის ბუნდოვანი. სამართალწარმოება და გამოძიება ოპოზიციური მედიის მფლობელების წინააღმდეგ გახშირდა. ბოლო დროინდელ განაჩენებს შიშის მომგვრელი ეფექტი აქვს კრიტიკული მედიის მუშაობაზე. საჭიროა მედიის მარეგულირებელზე (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) კანონმდებლობის გათანაბრება ევროპულ სტანდარტებთან". – წერია ევროკომისიის დასკვნაში.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს მიერ შესაბამისი წინაპირობების შესრულებაზეა დამოკიდებული.

"საქართველოზეა დამოკიდებული გადადგას წინსვლისთვის საჭირო ნაბიჯები, გაერთიანდეს მთელი ქვეყანა პოლიტიკურად და ნათლად აჩვენოს, რომ გააქტიურება გსურთ. ეს ასევე წყვეტს ვადას, ეს თქვენზეა დამოკიდებული. რაც უფრო მალე შეძლებთ, უფრო მალე იქნება პროგრესი და შესაბამისად, ქართველების ხელშია, რომ დაჩქარდეთ, ცხადი იყოთ და იმოძრაოთ ღია კარისკენ". – თქვა ფონ დერ ლეიენმა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

3 მარტს საქართველომ, ასევე მოლდოვამაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, ხოლო 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს გაიგზავნა მეორე ნაწილი.

იქამდე, 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობის განაცხადი უკრაინამ წარადგინა.

გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება. 

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად იყო ნახსენები.

9 ივნისს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შესულ ერთ-ერთ შესწორებაში საუბარი იყო ევროკავშირის მხრიდან ოლიგარქისა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრითვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვის რეკომენდაციაზეც.

კომენტარები