რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთში ომმა ავტორიტარული წყობის ჩამოყალიბება დააჩქარა

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალები პოპასნას ღერძზე ტერიტორიული წინსვლის მიღწევას ცდილობენ.

"რუსეთში ომმა ავტორიტარული წყობის ჩამოყალიბება დააჩქარა. ბოლო კვირების განმავლობაში, დუმას მიხედვით ის პირები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებიან და სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევიან თავისუფლების 20 წლის ვადით აღკვეთა ემუქრებათ. უკრაინაში შეჭრაზე საუბარი ასევე კრიმინალიზებულია.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" მხარს უჭერს, მოსახლეობის ნაწილი, როგორც აქტიურად, ასევე პასიურად თავიანთ წინააღმდეგობას გამოხატავს. რუსებისგან დაკომპლექტებული "რუსეთის ლეგიონისთვის თავისუფლება“, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროების მხარეს იბრძვიან. 

ომის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, სავარაუდოდ, ასევე, რუსეთის ბიზნეს ელიტასა და ოლიგარქთა საზოგადოებაში ძლიერია. სავარაუდოდ, 15000 რუსი მილიონერი ქვეყნის დატოვებას ცდილობს.

მოტივები დიდი ალბათობით მოიცავს როგორც პირად წინააღმდეგობას შეჭრასთან და განზრახვას, თავი დააღწიოს რუსეთზე დაწესებული სანქციების ფინანსურ ზემოქმედებას. თუ ეს გადასახლება გაგრძელდება, ეს სავარაუდოდ გაამწვავებს ომის გრძელვადიან ზიანს რუსეთის ეკონომიკაზე.". - წერია ანგარიშში.

 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები