რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: უკრაინის ქვედანაყოფები აზოტის ქიმიურ ქარხანაში, ბუნკერებში აფარებენ თავს

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მძიმე ბრძოლების შემდეგად რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის უმეტესს ნაწილს აკონტროლებენ.

"უკრაინის ქვედანაყოფები სამოქალაქო პირებთან ერთად თავს აზოტის ქიმიურ ქარხანაში, ბუნკერებში აფარებენ. რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, აზოტის ქარხანაში და მის გარშემო განლაგდებიან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ომის დასაწყისში ასეთ ძლიერ ოპოზიციას მოელოდა". - წერია ანგარიშში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები