რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 12 ივნისის ანგარიში

რუსული ტექნიკა უკრაინაში

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები დამატებითი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებას ცდილობენ. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უფრო მეტი საბრძოლო შენაერთების შექმნას ცდილობენ მესამე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების (BTGs) განლაგებისა და მომზადების გზით. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ მესამე BTG-ები, სავარაუდოდ, ახალწვეულებით იქნება დაკომპლექტებული. ანგარიშის მიხედვით, მათი განლაგება, დიდი ალბათობით, მათი მშობელი ქვედანაყოფების შესაძლებლობებზე უარყოფითად იმოქმედებს.

პრორუსული წყაროები უკრაინის მოსახლეობაში შფოთვისა და უკმაყოფილების გასაძლიერებლად დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობენ. რუსული ტელეგრამის არხებმა 12 ივნისს ყალბი სამობილიზაციო ბრძანება გავრცელეს.

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის მქონე შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

კრემლის ძალისხმევა დაღუპული სამხედრო პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვასა და DNR-სა და LNR-ში მიმდინარე იძულებითი მობილიზაციის შესახებ რუსეთში დაძაბულობას ამძაფრებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი (GUR) იტყობინება, რომ კრემლმა  იურისტებსა და ფსიქოლოგებს ჩაძირული კრაისერ "მოსკვას“ პერსონალის ოჯახებს დაღუპული ნათესავების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავი შეკავება აიძულა, რუსეთში მზარდი სოციალური დაძაბულობის ჩახშობის მიზნით.

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკში სახმელეთო თავდასხმების წარმოება განაგრძეს და ააფეთქეს ხიდები, რომლებიც სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს აკავშირებს.
  • ოკუპანტებმა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე წინსვლას მიაღწიეს.
  • ოკუპანტები სამხრეთიდან და დასავლეთიდან ლისიჩანსკის მიმართულებით დაწინაურებას სევეროდონეცკიდან ცდილობენ, რათა აირიდონ მდინარის გავლით ბრძოლა. თუმცა ამ კუთხით მათი წინსვლა ჯერჯერობით შეზღუდულია.
  • რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკში აზოტის ინდუსტრიული ზონისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები