რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ოკუპანტებს სევეროდონეცკის სამხრეთით ტერიტორიული წინსვლისთვის არ მიუღწევიათ

Alexander Ermochenko/Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტებს სევეროდონეცკის სამხრეთით ტერიტორიული წინსვლისთვის არ მიუღწევიათ. ამასთან ერთად, ქალაქის ქუჩებში მძიმე ბრძოლები გრძელდება.

"რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ქვედანაყოფების დამარცხების მიზნით თავის საარტილერიო და საჰაერო შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს. 

აპრილიდან მოყოლებული, ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, 1960-იან წლებში შექმნილი ათობით მძიმე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს. ეს 5.5 ტონიანი რაკეტები, პირველ რიგში, ავიამზიდების გასანადგურებლად იყო შექმნილი. სახმელეთო თავდასხმებში გამოყენების დროს ისინი არაზუსტია და, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გვერდითი ზიანი და ადამიანური მსხვერპლი გამოიწვიოს.

რუსეთი, სავარაუდოდ, თანამედროვე რაკეტების სიმცირის გამო, მსგავსს მოწყობილობებს იყენებს. ოკუპანტები შესაბამისი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდიან, რაც სანქციებისა და შიდა წარმოების შეზღუდვით არის გამოწვეული". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები