პრაიდის თვე

აზერბაიჯანში პირველად გეგმავენ პრაიდის თვის აღნიშვნას

აზერბაიჯანელი ქვიარ აქტივისტები გეგმავენ, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად ივნისში პრაიდის ღონისძიებები გამართონ.

"ეს ინიციატივა ერთად წამოვაყენეთ, რათა ვიყოთ ხმა ყველასი, ვინც პრობლემების წინაშე დგას, ვისაც ემუქრება საზოგადოება და ხელისუფლება, ვისი უფლებებიც ირღვევა". - ამბობს აქტივისტი რაბია მამადოვა.

ღონისძიებების დაგეგმვაში ასევე ჩართულები არიან ქვიარ უფლებების აქტივისტები ჯავიდ ნაბიევი და ალი მალიკოვი.

"ჩავთვალეთ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე აზერბაიჯანში უნდა აღინიშნოს პრაიდის თვე. ამისთვის კარგი მიზეზები გვაქვს. თემს ემუქრება როგორც საზოგადოება, ასევე სახელმწიფო. არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ქვიარ საზოგადოებამ ახლა უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. ისეთ ქვეყანაში, როგორიც აზერბაიჯანია, ძალიან საშიშია მოვლენების წინასწარ დაგეგმვა და მათი გამოცხადება, ამიტომ ჩვენი დისკუსიები ჯერ კიდევ გრძელდება". - ამბობს მამადოვა OC Media-სთან.

მისივე თქმით, ეს არის აქტივისტების პირველი ნაბიჯი პრაიდის თვესთან დაკავშირებით და გააკეთებენ ყველაფერს, რათა ამან პერმანენტული ხასიათი მიიღოს.

პრესკონფერენციაზე აქტივისტებმა განიხილეს პრობლემები, რომლის წინაშეც LGBTQ თემის წევრები არიან, მათ შორის ხელისუფლებისა და საზოგადების მხრიდან. პრობლემების საილუსტრაციოდ აქტივისტებმა მაგალითები მოიყვანეს, მათ შორის ქვიარ აქტივისტის ავაზ ჰაფიზლის და ტრანსგენდერი ქალების მკვლელობა. ჯავიდ ნაბიემა გაიხენა 2014 წლის კონფერენცია, რომელიც ქვიარ უფლებების მხარდამჭერის – ისა შაჰმარლის სიკვდილს მოჰყვა. შაჰმარლიმ 20 წლის ასაკში თავი მოიკლა.

"დღევანდელ სამყაროში, საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ადამიანის უფლებები უმთავრესია, დროა, LGBTQ ადამიანებმა საზოგადოებას თავიანთი პრობლემები და საქმიანობა წარუდგინონ. ეს საქმე დაგვიანებულიც კი არის". - განაცხადა ჯავიდ ნაბიევმა.

კომენტარები