ბიძინა ივანიშვილის საქმე

ივანიშვილის ადვოკატი: 4 მარტიდან ფაქტობრივი, გაუცხადებელი სანქციების პირობებში ვართ

REUTERS

"ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში" - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა TV იმედის ეთერში, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა. 9 ივნისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ემხრობა.

ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის თქმით, 4 მარტიდან ბიძინა ივანიშვილი "არა გაცხადებული, არამედ გაუცხადებელი სანქციების" პირობებშია. მისი განცხადებით, სწორედ 4 მარტიდან შეუქმნა Credit Suisse-მ ივანიშვილს "რეალური დაბრკოლება" საკუთარ აქტივებზე წვდომის და მათი განკარგვის.

"24 თებერვლიდან იწყება ის ცნობილი მოვლენები [რუსეთის შეჭრა უკრაინაში] და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები" - ამბობს ყიფიანი.

ადვოკატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის მიდგომა საქმისადმი არის მაქსიმალურად მშვიდი და ის "ზეწოლას შეეგუა".

"ეს სიმშვიდე ჩვენზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს.

ვინც ამ ზეწოლის ავტორი, ინიციატორი, განმახორციელებელი ან ორგანიზატორია, თითქოსდა მან შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლის და თანამონაწილისა, ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ ბოლოში გავალთ და გვაქვს საქმეზე პროგრესი ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურეს მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში" - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.


ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა. ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან წარმოებულ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".

ვიქტორ ყიფიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი შეფასება სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დარჩეს. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია სასამართლო დავის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში თავადსაუბრობდა გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ივანიშვილის მიმართ დისკრიმინაციასა და პოლიტიკური ზეწოლაზე.

შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბანკს ივანიშვილისთვის $500 მილიონამდე გადახდა დაეკისრა.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

კომენტარები