რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 8 ივნისის ანგარიში

რუსი სამხედრო უკრაინაში

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის უმეტესს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებენ. რუსეთის სამხედრო მეთაურები ყირიმში სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევების შედეგებს აყალბებენ, რათა მაქსიმალურად გაზარდონ ახალწვეულთა რაოდენობა.

რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ლუგანსკის ოლქში უკრაინის მხრიდან პარტიზანულ ზეწოლას ელის. უკრაინის მთავარმა დაზვერვის დირექტორატმა (GUR) აღნიშნა "ლუგანსკის პარტიზანული“ პროექტის დაწყების შესახებ, რომელიც რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად. უკრაინის გენერალურმა შტაბმა დამატებით განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი კუპიანსკში (BTG) გადაიყვანეს. 

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

კრემლის ძალისხმევა დაღუპული სამხედრო პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვასა და DNR-სა და LNR-ში მიმდინარე იძულებითი მობილიზაციის შესახებ რუსეთში დაძაბულობას ამძაფრებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი (GUR) იტყობინება, რომ კრემლმა  იურისტებსა და ფსიქოლოგებს ჩაძირული კრაისერ "მოსკვას“ პერსონალის ოჯახებს დაღუპული ნათესავების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავი შეკავება აიძულა, რუსეთში მზარდი სოციალური დაძაბულობის ჩახშობის მიზნით.

  • რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკზე შეტევებს განაგრძობენ.
  • ოკუპანტები სვიატოჰირსკის გარშემო და ლიმანის დასავლეთით შეტევებს განაგძობენ, რათა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაწინაურება შეძლონ.
  • ოკუპანტები სამხრეთიდან და დასავლეთიდან ლისიჩანსკის მიმართულებით დაწინაურებას სევეროდონეცკიდან ცდილობენ, რათა აირიდონ მდინარის გავლით ბრძოლა. თუმცა ამ კუთხით მათი წინსვლა ჯერჯერობით შეზღუდულია.
  • რუსი სამხედროები ავდიივკას ჩრდილოეთით დაწინაურდნენ.
  • რუსეთის სამხედროებმა ძალებმა უკრაინელების კონტრშეტევის წნეხზე პასუხად გაანადგურეს უკრაინელების აშენებული ხიდები ინჰულეცის მდინარეზე ქალაქ დავიდივ ბრიდის სიახლოვეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

    კომენტარები