რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: სევეროდონეცკის სასტიკი ბრძოლა დონბასის ბედს გადაწყვეტს

"სასტიკი ბრძოლა", რომელიც სევეროდონეცკისთვის მიმდინარეობს, დონბასის ბედს გადაწყვეტს, ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

"ძალიან სასტიკი ბრძოლაა, ძალიან ძნელი, ალბათ ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე რთული". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"სევეროდონეცკი დონბასში შეტაკებების ეპიცენტრად რჩება… ძირითადად, სწორედ აქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი". – ამბობს ზელენსკი.

ოთხშაბათს უკრაინელმა მებრძოლებმა ქალაქის გარეუბნებში დაიხიეს, თუმცა პირობა დადეს, რომ იქ რაც შეიძლება დიდხანს იბრძოლებდნენ.

"მტერმა ჩვენს ქვედანაყოფებს ხვემეხებით, არტილერიითა და ზალპური ცეცხლის სისტემებით გაუხსნა ცეცხლი. ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, პრივილიას, უსტინოვკას, გორსკესა და კატერინოვკას დასახლებებში". – ამბობენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას უარყოფს.

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დედაქალაქ კიევზე კონტროლი ვერ მოიპოვა, კრემლი აცხადებს, რომ იგი ახლა დონბასის სრულ განთავისუფლებას ცდილობს. 24 თებერვლის შეჭრამდე,  პრორუსი სეპარატისტები დონბასის 1/3-ს აკონტროლებდნენ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები