რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 7 ივნისის ანგარიში

რუსი ოკუპანტები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან, 2022 წლის 20 მაისი
AP News

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის უმეტესს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებენ. რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე ლოკაციაზე თავდასხმები განაგრძეს. სლოვიანსკის ჩრდილოეთით რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, სლოვიანსკისა და კრამატორსკისკენ წინსვლას შეეცდებიან. ოკუპანტები სამხრეთ ღერძზე ზაპოროჟიის ოლქიდან ხერსონის ოლქისკენ გადაადგილდებიან, რათა რუსეთის თავდაცვითი პოზიციები გააძლიერონ. რუსეთის სამხედრო საზოგადოების წევრები უკრაინის ქვედანაყოფებს რუსეთის ზონებზე საარტილერიო თავდასხმების ესკალაციაში ადანაშაულებენ.

უკრაინის საზღვაო ძალებმა წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს და რუსეთის მხრიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე წინსვლა შეზღუდეს. რუსეთის სევეროდონეცკისა და დონბასის დაკავებაზე კონცენტრაცია ხერსონის ოლქში ოკუპანტების პოზიციებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ხერსონი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რადგან ეს უკრაინაში ერთადერთი ადგილია, სადაც ოკუპანტები მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებენ. თუ რუსეთი ხერსონში პოზიციების შენარჩუნებას შეძლებს, ის მეტად გაძლიერდება, ხოლო თუ უკრაინა ხერსონს დაიბრუნებს, მომავალი თავდასხმისგან თავის დაცვა უკეთ შეეძლება. 

კრემლის ძალისხმევა დაღუპული სამხედრო პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვასა და DNR-სა და LNR-ში მიმდინარე იძულებითი მობილიზაციის შესახებ რუსეთში დაძაბულობას ამძაფრებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი (GUR) იტყობინება, რომ კრემლმა  იურისტებსა და ფსიქოლოგებს ჩაძირული კრაისერ "მოსკვას“ პერსონალის ოჯახებს დაღუპული ნათესავების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავი შეკავება აიძულა, რუსეთში მზარდი სოციალური დაძაბულობის ჩახშობის მიზნით.

  • რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე კონტროლი შეინარჩუნეს, თუმცა ქალაქში ზუსტი ვითარება გაურკვეველი რჩება. 
  • ოკუპანტებმა იზიუმში ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
  • ოკუპანტები სამხრეთიდან და დასავლეთიდან ლისიჩანსკის მიმართულებით დაწინაურებას სევეროდონეცკიდან ცდილობენ, რათა აირიდონ მდინარის გავლით ბრძოლა. თუმცა ამ კუთხით მათი წინსვლა ჯერჯერობით შეზღუდულია.
  • რუსი სამხედროები ავდიივკას ჩრდილოეთით დაწინაურდნენ.
  • რუსეთის სამხედროებმა ძალებმა უკრაინელების კონტრშეტევის წნეხზე პასუხად გაანადგურეს უკრაინელების აშენებული ხიდები ინჰულეცის მდინარეზე ქალაქ დავიდივ ბრიდის სიახლოვეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები