ქართული ოცნება

ზურაბიშვილი: ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა საქართველოს მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ, სად და როდის დანიშნავს ელჩებსა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს. ზურაბი მთავრობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.

"შეიძლება მომავალ კვირას, შეიძლება ხვალვე, არ ვიცი ზუსტად როდის, წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის. ამ ყველაფერზე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ამის დრო მოვა, როცა ვიქნები თბილისში და არა მაშინ, როცა ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. ეს გზა თუ გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ". – თქვა ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

6 ივნისს მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მთავრობის მიერ სარჩელის შეტანამდე პარლამენტში დაინიცირდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 14 აპრილს დაამტკიცა. მიღებული კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს უკვე შეუძლია კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

კანონპროექტის ინიცირება ქართული ოცნების განცხადებას მოჰყვა, სადაც პარტია დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აანონსებდა. ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს სწორედ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების პროცესში უმოქმედობას, ანუ თანხმობის არმიცემას  ედავებოდა.

7 მაისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის კანდიდატურა შესთავაზა, კანადაში კი კახა იმნაძის, რაზეც პრეზიდენტმა თქვა უარი და საკონსტიტუციო სარჩელი ამ პირებს შეეხება.

ქართული ოცნების განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას მოითხოვენ.

ცვლილებებამდე მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება იყო დასაშვები, პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამგვარი სამართლებრივი აქტები არ გამოუცია.

მთავრობის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელჩის დანიშვნის საკითხი. თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი არ სარგებლობს ამ დისკრეციით, ეს ქვეყნის პირველ პირს მომავალში წაართმევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მთავრობის წარდგინებებზე და აიძულებს მას, მოიწონოს კაბინეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი კანდიდატი.

კომენტარები