რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიო ბანკმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $1.5 მილიარდამდე გამოყო

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინისთვის დამატებით $1.5 მილიარდამდე გამოყო, რომელიც ქვეყანაში ადმინისტრაციულ ხარჯებს, მთავრობისა და სოციალური მუშაკების ხელფასებს მოხმარდება. 

აღნიშნული თანხა მსოფლიო ბანკის $4 მილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილია.

დახმარების პაკეტის ოფიციალური გარანტორები დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ლიტვა და ლატვია არიან. პარალელურად, პროექტს იტალიაც აფინანსებს და სავარაუდოდ, მომავალში ერთ-ერთი გარანტორი დანიაც გახდება. უკრაინის დახმარების პროექტის თანადამფინანსებელია ახალ მრავალდონორთა ნდობის ფონდში (MDTF) შემავალი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის - შვეიცარია.

"მსოფლიო ბანკის ჯგუფი მიმდინარე ომის პირობებში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს უწყვეტ მხარდაჭერას უცხადებს. ფინანსური მხარდაჭერის მობილიზებისთვის, ჩვენ ვმუშაობთ დონორ ქვეყნებთან, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს, ჰქონდეთ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა". - თქვა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა. 

ფინანსური დახმარების ფარგლებში, გამოყოფილი თანხა მოხმარდება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა წყალმომარაგება, სანიტარული სისტემა, გათბობა, ელექტროენერგია, ენერგოეფექტურობა, გზები, სოციალური დაცვა, განათლება და ჯანდაცვა.

კომენტარები