ევროკავშირი

EU ყველა სახის ელექტრონული მოწყობილობისთვის ერთი ტიპის დამტენის გამოყენებას მოითხოვს

ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ 2024 წლიდან ყველა სახის ელექტრონული მოწყობილობისთვის, ერთი ტიპის [USB-C] დამტენი უნდა გამოიყენებოდეს. გადაწყვეტილება პრობლემური იქნება კომპანია Apple-ისთვის, რომელიც სმარტფონების ერთადერთი მნიშვნელოვანი მწარმოებელია, რომელიც მსგავსი ტიპის დამტენზე უარს ამბობს.

ევროკავშირის გადაწყვეტილება, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, ძალაში 2024 წლის შემოდგომიდან შევა. ევროგაერთიანების წარმომადგენელთა აზრით, ერთი ტიპის დამტენის გამოყენება ელექტრონული ნარჩენების რაოდენობას შეამცირებს და მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს.

"ახალი კანონი ევროპელებს ცხოვრებას გაუმარტივებს და გარემოს დაცვით მდგომარეობას გააუმჯობესებს". - აღნიშნა, ერთ-ერთმა მომლაპარაკებელმა, ანდრეი კოვაჩევმა.

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ ახალი წესდების შედეგად მომხმარებელს ახალი დამტენების შეძენა აღარ მოუწევს და ყველა ელექტრონული მოწყობილებისთვის საერთო დამტენის გამოყენებას შეძლებს. მათივე განმარტებით, კანონმდებლობა მომხმარებელს წლიურად 250 მილიონს ევროს დააზოგინებს, რომელიც "არასაჭირო დამტენების შეძენაზე" იხარჯება და ელექტრონული ნარჩენების რაოდენობას წლიურად 11 000 ტონით შეამცირებს.

Apple-ის ხელმძღვანელობა, მიუხეადავად იმისა, რომ კომპანიამ რამდენიმე პროდუქტზე USB-C ტიპის დამტენის გამოყენება წლების წინ დაიწყო, ახალი კანონმდებლობის შემოღებას და ერთი დამტენის გამოყენების მოთხოვნას გაუმართლებლად მიიჩნევს. მათი აზრით საერთო დამტენის არსებობა, ინოვაციების ტემპს შეამცირებს და ნარჩენების რაოდენობას გაზრდის.

კომენტარები