რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: უკრაინის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს, თუმცა ოკუპანტები აღმოსავლეთ ოლქების ოკუპაციას განაგრძობენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებმა პოპასნას სამხრეთით ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს, გასულ კვირაში მათი პროგრესი შეჩერდა.იზიუმთან ძლიერი დაბომბვის შედეგად, ვარაუდობენ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ ღერძზე განახლებული შეტევებისთვის ემზადება.

რუსეთს, დიდი ალბათობით, აღნიშნულ მიმართულებებზე წინსვლის მიღწევა სურს, რათა თავისი ტაქტიკური მიღწევები ოპერაციულ წარმატებად აქციოს და მიაღწიოს თავის პოლიტიკურ მიზანს – სრულად გააკონტროლოს დონეცკის ოლქი". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები