რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთმა კიევი სავარაუდოდ დასავლეთის სამხედრო დახმარების შესაჩერებლად დაბომბა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის კიევზე სარაკეტო თავდასხმის სავარაუდო მიზეზი დასავლეთის მიერ გაგზავნილი სამხედრო აღჭურვილობის შეჩერებაა.

"5 ივნისის დილის საათებში, რუსული Kh-101-ის ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა კიევის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სავარაუდოდ, უკრაინის ფრონტზე მყოფი დანაყოფებისთვის დასავლეთის მიერ გამოგზავნილი სამხედრო აღჭურვილობის შესაჩერებლად". – წერია ანგარიშში.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო მოქმედებებით ასევე საზღვაო ვაჭრობისა და ხორბლის ექსპორტისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

"კუნძულ ზმეინთან რუსეთის სამხედრო მოქმედებებს წვლილი შეაქვს რუსეთის მიერ უკრაინული სანაპიროს ბლოკადაში და აბრკოლებს საზღვაო ვაჭრობას, მათ შორის უკრაინული ხორბლის ექსპორტს". – წერს გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან აღნიშნა, რომ დაიბომბა ქალაქის ინფრასტრუქტურა. 

"რამდენიმე აფეთქება დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებში მოხდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობს საგანგებო სამსახური". - წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში. 

კიევის მერმა აღნიშნა, რომ  საავადმყოფოში ერთი ადამიანი გადაიყვანეს, შეტაკების შედეგად არავინ დაღუპულა. სხვა ოფიციალური პირების განმარტებით, რუსი სამხედროები სარკინიგზო ქსელს უმიზნებდნენ.

უკრაინაზე რუსული თავდასხმების გაგრძელებისა და ფართომასშტაბიანი ნგრევის მიუხედავად, კიევი ბოლო კვირებში შედარებით მშვიდი იყო, რადგან მოსკოვმა სამხედრო ფოკუსი აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენ გადაიტანა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები