რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის ორი ივნისის ანგარიში

რუსი სამხედრო უკრაინაში

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში თანდათანობითი, დამღლელი და ძვირადღირებული პროგრესი განაგრძეს. რუსეთის სევეროდონეცკისა და დონბასის დაკავებაზე კონცენტრაცია ხერსონის ოლქში ოკუპანტების პოზიციებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ხერსონი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რადგან ეს უკრაინაში ერთადერთი ადგილია, სადაც ოკუპანტები მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებენ. თუ რუსეთი ხერსონში პოზიციების შენარჩუნებას შეძლებს, ის მეტად გაძლიერდება, ხოლო თუ უკრაინა ხერსონს დაიბრუნებს, მომავალი თავდასხმისგან თავის დაცვა უკეთ შეეძლება. 

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის მთავარი ძალისხმევა ახლა აღმოსავლეთ უკრაინისკენ, კონკრეტულად სამხრეთ ხარკივის, დონეცკისა და ლუჰანსკისკენაა მიმართული. რუსეთის მიზანი აღმოსავლეთში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა და დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების მთლიანად დაკავებაა.

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ლიმანის დასავლეთით მცირე პროგრესს მიაღიწეს. 
  • ოკუპანტები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკიზე შეტევებს განაგრძობენ, რათა ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლი მოიპოვონ.
  • ოკუპანტები სამხრეთიდან და დასავლეთიდან ლისიჩანსკის მიმართულებით დაწინაურებას სევეროდონეცკიდან ცდილობენ, რათა აირიდონ მდინარის გავლით ბრძოლა. თუმცა ამ კუთხით მათი წინსვლა ჯერჯერობით შეზღუდულია.
  • რუსი სამხედროები ავდიივკას ჩრდილოეთით დაწინაურდნენ.
  • რუსეთის სამხედროებმა ძალებმა უკრაინელების კონტრშეტევის წნეხზე პასუხად გაანადგურეს უკრაინელების აშენებული ხიდები ინჰულეცის მდინარეზე ქალაქ დავიდივ ბრიდის სიახლოვეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები