ფლანგვის დეტექტორი

GMC: მთავრობა აღებულ საგარეო ვალს ვერ ხარჯავს – 2018-21-ში ₾23 მილიონის ჯარიმა გადავიხადეთ

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, წლებია, საქართველოს მთავრობა საგარეო ვალს იღებს, თუმცა ვერ ითვისებს, რის გამოც ქვეყანას ჯარიმის გადახდა უწევს. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობა ყოველწლიურად იღებს ვალს, თუმცა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2020 წელს ვალის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

2021 წელს სახელმწიფოს 5.55 მილიარდი ლარის საგარეო ვალი ჰქონდა აღებული, 2022 წელს კი ვალის სახით 3.1 მილიარდი ლარის აღებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალის ჯამურ რაოდენობაში ძირითადი წილი საგარეო ვალზე მოდის. 

"ვალის ზრდის პარალელურად სახელმწიფოს წინაშე კვლავ დგას რესურსის დაბალი ათვისების პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში დაგეგმვის ეტაპზე არსებული ნაკლოვანებებით და  ნაკლებად კვალიფიციური ადამიანური რესურსით არის გამოწვეული, რაც საბოლოოდ პროექტების განხორციელების პროცესზე პროექტების ფარგლებში აუთვისებელ რესურსებში გამოიხატება. გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს (Commitment Fee) კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მთავრობა ვალის სახით აღებულ თანხას ბოლომდე ვერასოდეს ითვისებს და მეტიც, თანხების აუთვისებლობის გამო თავად უწევს დამატებითი თანხების გადახდა". – ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, სესხის აუთვისებლობის გამო გადახდილი ჯარიმები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2018 – 3.1 მილიონი ლარი
  • 2019 – 4.8 მილიონი ლარი
  • 2020 – 9,6 მილიონი ლარი
  • 2021 – 5.8 მილიონი ლარი

სახელმწიფო ვალის ძირითადი ნაწილი რეგიონალური პროექტებზეა მიმართული, კერძოდ კი რეგიონალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. საინტერესოა, რომ საგ. ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისება სწორედ რეგიონებში ვერ ხდება.

კომენტარები