რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bayraktar-ის მწარმოებელმა დრონი ლიტვას აჩუქა, შეგროვებული თანხით უკრაინას დაეხმარებიან

ლიტვისთვის საჩუქრად გადაცემული Bayraktar TB2

საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2-ის მწარმოებელმა თურქულმა კომპანიამ, Baykar-მა ლიტვას აჩუქა დრონი, რომლის შესყიდვაც ვილნიუსს სურდა მოქალაქეების მიერ შეგროვებული შემოწირულობებით, შემდეგ კი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემა. კომპანიას სურს, რომ შეგროვებული თანხა უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაში გადაირიცხოს. ინფორმაცია დრონების მწარმოებელმა კომპანიამ Twitter-ზე გაავრცელა. 

"ლიტველმა ხალხმა ღირსეულად შეაგროვა თანხა, რათა ეყიდათ Bayraktar TB2 უკრაინისთვის. ამის გაგების შემდეგ, Baykar-ი Bayraktar TB2-ს ლიტვას უსასყიდლოდ აჩუქებს და სთხოვს, რომ ეს თანხები უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაში წავიდეს". – წერს დრონების მწარმოებელი კომოპანია. 

ლიტვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუსკასის თქმით, მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხა უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება.

"დაუჯერებელია, მაგრამ თურქეთი დაგვთანხმა Bayraktar-ი, რომლისთვისაც ლიტვა ფულს აგროვებდა, უფასოდ გადმოეცათ. შესანიშნავია! შეგროვებული თანხით Bayraktar-ისთვის საჭირო ტყვია-წამალს შევიძენთ და დანარჩენი ფული ასევე უკრაინის მხარდასაჭერად დაიხარჯება. მადლობა თურქეთს!". – წერს ანუშაუსკასი Twitter-ზე.

აქამდე, ლიტვისა და თურქეთის წარმომადგენელებმა ანკარაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ვილნიუსს Bayraktar TB2-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვისკენ გზას გაუსხნის. ლიტვას დრონების შეძენა საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვისაც სურდა.

გასულ კვირაში ლიტველი ჟურნალისტის, ანდრიუს ტაპინასისა და ტელეკომპანია Laisves TV-ს წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, ლიტველებმა დაიწყეს €5 მილიონის შეგროვება, რათა უკრაინისთვის თურქული უპილოტო საფრენი აპარატი ეყიდათ. რამდენიმე დღეში შემოწირულობებით საჭირო თანხა შეგროვდა. როგორც ტაპინასი ამბობდა, თანხას რიცხავდნენ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისე მაღალჩინოსნებიც, ასევე უცხოელებიც.

ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვილიუს სემეშკასა და თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სააგენტოს ხელმძღვანელს შორის გაფორმდა თურქული შეიარაღების შესყიდვის გადაწყვეტილების წერილი.

"ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას. ეს შემდგომი შეძენისთვის პოლიტიკურ დონეზე მწვანე შუქს ნიშნავს". – თქვა სემეშკამ, რომელიც შემდეგში დრონების მწარმოებელი თურქული კომპანიის  აღმასრულებელ დირექტორს 2 ივნისს შეხვდა.

კომენტარები