რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტველი ჟურნალისტის ინიციატივით, ლიტვის მოქალაქეები უკრაინისთვის Bayraktar-ის ფულს აგროვებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების Bayraktar TB2

ლიტველი ჟურნალისტის, ანდრიუს ტაპინასის ინიციატივით, ლიტვის მოქალაქეები აგროვებენ €5 მილიონს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჩუქრად თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი, Bayraktar TB2 იყიდონ. 

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას ამ წამოწყებაზე თანხმობა აქვს როგორც ლიტვის თავდაცვის სამინისტროსგან, ისე დრონების მწარმოებელი თურქული კომპანიისგან.

ტაპინასი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ წამოწყებიდან დაახლოებით 2 დღეში შესაძლებელი გახდა საჭირო თანხის ნახევარზე მეტის შეგროვება და ამჟამად საქველმოქმედო ანგარიშზე 2 592 194 ევრო არის ჩარიცხული. 

როგორც ჟურნალისტი წერს, ძირითადი შემოწირულობები 1-დან 500 ევრომდეა, თუმცა იყო ერთი ხუთნიშნა შემოწირულობაც – €20 000, რომელიც ერთმა კომპანიამ გადმორიცხა. მისივე თქმით, შემოწირულობებს რიცხავენ მინისტრები, სტუდენტები, ბიზნესმენები, მასწავლებლები და იზრდება ჩარიცხვები საზღვარგარეთიდანაც.

ტაპინასის თქმით, კონკრეტულად Bayraktar-ის ტიპის დრონის ყიდვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ლიტველებისთვის ეს იარაღი ლეგენდარული გახდა.

კომენტარები