რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან იყიდის

უკრაინის ნაყიდი თურქული დრონი Bayraktar TB2

ლიტვისა და თურქეთის წარმომადგენელებმა ანკარაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ვილნიუსს Bayraktar TB2-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვისკენ გზას გაუსხნის.

ლიტვა მოქალაქეების მიერ შეგროვებული ფულით Bayraktar-სა და სხვა აღჭურვილობას იყიდის, რათა უკრაინას გადასცეს. ამას გარდა, განიხილავენ დრონების თავად ლიტვისთვის შესყიდვასაც.

გასულ კვირაში ლიტველი ჟურნალისტის, ანდრიუს ტაპინასისა და ტელეკომპანია Laisves TV-ს წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, ლიტველებმა დაიწყეს €5 მილიონის შეგროვება, რათა უკრაინისთვის თურქული უპილოტო საფრენი აპარატი ეყიდათ. რამდენიმე დღეში შემოწირულობებით საჭირო თანხა შეგროვდა. როგორც ტაპინასი ამბობდა, თანხას რიცხავდნენ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისე მაღალჩინოსნებიც, ასევე უცხოელებიც.

ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვილიუს სემეშკასა და თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სააგენტოს ხელმძღვანელს შორის გაფორმდა თურქული შეიარაღების შესყიდვის გადაწყვეტილების წერილი.

"ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას. ეს შემდგომი შეძენისთვის პოლიტიკურ დონეზე მწვანე შუქს ნიშნავს". – თქვა სემეშკამ, რომელიც დრონების მწარმოებელი თურქული კომპანიის  აღმასრულებელ დირექტორს 2 ივნისს შეხვდება. 

სემეშკას თქმით, მან განიხილა Bayraktar-ის არა მხოლოდ შემოწირული ფულით უკრაინისთვის შეძენა, არამედ, მინიმუმ, ერთი სისტემის ლიტვისთვის შეძენაც. მისი თქმით, ერთი სისტემა შედგენილი იქნება 6 დრონისგან და მათი მუშაობისთვის საჭირო აღჭურვილობისგან. 

აქამდე, 1-ელ ივნისს ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა თქვა, რომ თურქული დრონების საკუთარი საჭიროებებისთვის შეძენას განიხილავდნენ.

კომენტარები