რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინას რუსეთზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას რუსეთზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს. ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში მოწინავე სარაკეტო სისტემების გაგზავნას დათანხმდა იმ პირობით, რომ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებდნენ.

ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარებას მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენებს. 

"უკრაინას რუსეთზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს. ჩვენ არ გვაინტერესებს რუსეთის ფედერაცია. მათგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიბრძვით მათ ტერიტორიაზე". - თქვა ზელენსკიმ.

შეირაღების გადაცემა აშშ-ს უკრაინისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში მოხდება. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემები აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალით, რომლის მეშვეობითაც რაკეტების გაშვება 80 კილომეტრის რადიუსზე იქნება შესაძლებელი.

ეს HIMARS-ის სისტემის მაქსიმალურ რადიუსთან, 300 კილომეტრთან შედარებით ბევრად მცირე მანძილია, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ყველაზე დიდი რადიუსის მქონე იარაღი იქნება, რაც ამ დროისთვის უკრაინას გადაეცა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები