რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩაპუტოვა: სლოვაკეთი უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადასცემს

სლოვაკეთის პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვას თქმით, სლოვაკეთი უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადასცემს. ამის შესახებ მან უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას ისაუბრა.

"ჩვენ ვიცით, რომ თქვენი ქვეყნიდან ოკუპანტებს ჩვენი მედიკამენტებისა და საკვების პაკეტები არ განდევნის. თქვენ დამცველებს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა სჭირდებათ. ამიტომ ჩვენ გეხმარებით და გავაგრძელებთ დახმარებას ამ მიმართულებით. ცოტა ცნის წინ ეს იყო S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა. მალე Zuzana-2-ის ჰაუბიცები იქნება. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომ უკრაინას არამხოლოდ ჰუმანიტარული არამედ, საბრძოლო დახმარება სჭირდება". - თქვა ჩაპუტოვამ.

ამასთან, ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი იზრუნებს იმ უკრაინელებზე, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო ქვეყნის დატოვება მოუწიათ. პარალელურად, სლოვაკეთი უკრაინას მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტში დაეხმარება.

გარდა ამისა, ჩაპუტოვას თქმით, სლოვაკეთი უკრაინას რუსული არმიის ომის დანაშაულების დოკუმენტირებაში დაეხმარება.

კომენტარები