რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: ოკუპანტები სევეროდონეცკზე კონტროლის დამყარების მცდელობებს განაგრძობენ

რუსი ოკუპანტი ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის ოლქი.
Alexander Ermochenko/Reuters

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონ-მიკოლაივის ოლქის საზღვართან წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს, რის შედეგადაც რუსეთის სამხედრო ძალები თავდაცვაზე გადავიდნენ.

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

ამასთან ერთად, უცნობმა თავდამსხმელებმა რუსეთში სამხედრო გაწვევის ოფისებზე შეტევები განაგრძეს, რაც გაწვევის მიმართ მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს. რუსული Telegram-ის არხის მიხედვით,  უცნობმა თავდამსხმელმა უდმურტიის რეგიონში სამხედრო დაკომპლექტების ოფისს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ხოლო 19 მაისს რუსმა წვევამდელმა პნევმატური მოწყობილობით ჟელეზნოგორსკ-ილიმსკის (ირკუტსკის ოლქი) რეკრუტირების ოფისს ესროლა. უკრაინის გენერალურის შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან რეკრუტირების ოფისებზე 12 თავდასხმა განხორციელდა.

კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი პასპორტების მფლობელთა ფონდის გაფართოებას ცდილობს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 25 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში რუსული პასპორტის აღების პროცედურას გაამარტივებს. ე. წ "მასობრივი პასპორტიზაციის“ განახლებული კამპანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. საოკუპაციო ხელისუფლებამ შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს საშუალება გამოიყენოს, რადგან რუსული პასპორტის მქონე ადამიანები იძულებით სამხედრო სამსახურს დაექვემდებარებიან.

  • ოკუპანტები სევეროდონეცკზე კონტროლის დამყარების მცდელობებს განაგრძობენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა განაგრძეს იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით შეტევები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
  • უკრაინული წყაროების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები პოპასნას ირგვლის პოზიციების გამყარებას ცდილობენ.
  • ოკუპანტები სევეროდონეცკის ალყის გასაძლიერებლად ჩრდილოეთით პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის თავდასხმების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, დონეცის დასავლეთით, მდინარე სივერსკში პოზიციების დაკავებას შეეცდებიან.
  • ოკუპანტები მარიუპოლში ფილტრაციისა და დეპორტაციის პროცედურებს აძლიერებენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები