აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სირიის არაბულ რესპუბლიკასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
სეპარატისტების მედიის ცნობით, 29 მაისს აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმირ ანუასა და სირიის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-ლეიტენანტ ალი მაჰმუდ აბასს შორის შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება.
შეხვედრის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს სირიის თავდაცვის უწყებაც.
სირია, სადაც სამოქალაქო ომის დროს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში რუსეთის შეიარაღებული ძალები დაეხმარა, იმ ხუთი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. აფხაზეთის დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს აღიარა, რის შემდეგაც თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 2020 წელს სირიაში აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა.