რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უმცროსს ოფიცრებს შორის დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა – ბრიტანეთი

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა. ანგარიშის მიხედვით, უმცროს ოფიცრებს დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა უწევთ, რადგან არმია მაღალკვალიფიციური და უფლებამოსილი კადრების ნაკლებობას განიცდის.

"ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების დიდი ნაწილის დაკარგვა, სავარაუდოდ, ბრძანებების შესრულების დონეს შეამცირებს. ამასთან ერთად, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG), რომლებიც უკრაინაში რამდენიმე ქვედანაყოფისგან შედგება, სავარაუდოდ,  უმცროსი ლიდერების დანაკლისის გამო, ნაკლებად ეფექტური იქნება.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალებს შორის გამოცდილი და სანდო სამხედრო მეთაურების ნაკლებობამ, შესაძლოა, საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითება გამოიწვიოს". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები