რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსი ოკუპანტები იზიუმიდან სლავიანსკზე იერიშს ამზადებენ

რუსეთის საოუკუპაციო ძალების ტანკები რუსეთისა და ე.წ. დსრ-ს დროშებით
Chingis Kondarov/Reuters

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები სლავიანსკის მიმართულებით სამხედრო შენაერთების გადაჯგუფების პროცესშია, რათა ქალაქი იზიუმიდან სლავიანსკისა და ბარვინკოვეს მიმართულებით იერიში განაახლოს. 

ქალაქი იზიუმი ხარკოვის ოლქს ეკუთვნის, სლავიანსკი კი დონეცკის ოლქს.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნაში ჰყავთ Ка-50-ის ტიპის ვერტმფრენების ესკადრილია, რათა სახმელეთო ძალებს საჰაერო მხარდაჭერა გაუწიონ. 

ამას გარდა, გენშტაბის ინფორმაციით რუსი ოკუპანტები მაგრდებიან და გადაჯგუფების პროცესში არიან ლიმანის მიმართულებით, საიდანაც ასევე აპირებენ სლოვიანსკზე თავდასხმას. 

პარალელურად, დონეცკის მიმართულებით, რუსი ოკუპანტები ფოკუსირებული არიან თავდასხმით ოპერაციებზე, რათა უკრაინელი სამხედროები ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში ალყაში მოაქციონ.

უკრაინაში მიმდინარე ომი ამ დრომდე ყველაზე აქტიურ ფაზაშია შესული. როგორც გასულ კვირაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ამბობდა, ყველაზე ცხელი მიმართულებები დონეცკისა და სლავიანსკის მიმართულებებია.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები